შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ხომერიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ხომერიკი

ალექსანდრე ხომერიკი 1993 წელს
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1948
ბახმარო, ჩოხატაურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 28 დეკემბერი, 2020 (72 წლის)
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების მიზეზი თრომბი
დაკრძალულია მახათას პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
საქმიანობა საოპერო მომღერალი (ტენორი)
მეუღლე(ები) მარინა დარჯანია (იქ. 1983–2020)
შვილ(ებ)ი ლილი და ქეთი
მშობლები მამა: ავთანდილ ხომერიკი
დედა: ლილი ჩავლეიშვილი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
ჟანრი ოპერა
ინსტრუმენტები ვოკალი

ალექსანდრე (ალეკო) ხომერიკი (დ. 13 აგვისტო, 1948, ბახმარო — გ. 28 დეკემბერი, 2020, თბილისი) — ქართველი საოპერო მომღერალი (ტენორი) და პედაგოგი. ბათუმის საოპერო თეატრის დამფუძნებელი.[1] მის სახელს უკავშირდება ბათუმში საოპერო ხელოვნების დაარსება.[1] გააჩნდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა.[2]

საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1985),[3] საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი,[4] შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი (1995).[5]

მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“, „აიდა,“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვა.[6]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ხომერიკი დაიბადა 1948 წლის 13 აგვისტოს, საკურორტო დაბა ბახმაროში (ჩოხატაურის რაიონი).[7] მამა — ავთანდილ ხომერიკი, დედა — ლილი ჩავლეიშვილი. დაწყებითი განათლება მიიღო ბათუმის N1 საშუალო სკოლაში.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, 1971-1974 წლებში სწავლობდა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში (მურმან მახარაძის კლასში). პარალელურად მღეროდა ანზორ თავბერიძის ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლ „ადილაში“. იმ პერიოდში ანსამბლმა საბჭოთა კავშირში გამართულ ფესტივალზე „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“, სადაც 300-მდე ანსამბლი მონაწილეობდა, პირველი ადგილი მოიპოვა.[8]

1975 წელს ჩაირიცხა თბილისის სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე (პროფესორ გიორგი გოგიჩაძის კლასში). 1980-1981 წლებში სწავლობდა კონსერვატორიის ასპირანტურაში.

საოპერო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს, ჯერ კიდევ II კურსის სტუდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრი გახდა. ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმავე წლის 8 ნოემბერსს, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბესალომის პარტიის შესრულებით (ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“),[9] სადაც ეთერის როლს მაია თომაძე ასრულებდა.[9] ოპერის დადგმამდე რამდენიმე ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც ზურაბ ანჯაფარიძემ ალექსანდრე ხომერიკის შესრულება მოისმინა, მისთვის უთქვამს — „ამ ხმის და შესაძლებლობების შემდეგ თავს უფლებას ვერ მივცემ აბესალომი ვიმღერო. დღეს შენი სახით ახალი აბესალომი დაიბადა. ნამდვილად ბედნიერი ვარ. ახლა კი შემიძლია სცენიდან წასვლა, რადგან თეატრს ღირებული გამგრძელებელი ჰყავს.“[10][11]

1981-1982 წლებში ხომერიკმა სტაჟირება გაიარა მილანის თეატრ „ლა სკალაში“ (იტალია), სადაც ცნობილი მეცო-სოპრანოს, ჯულიეტა სიმიონატოს მოსწავლე იყო.[11] „ლა სკალას“ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ხომერიკი ხელმეორედ მიიწვია სტაჟირებაზე, სადაც ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრუბადურში“ მანრიკოს პარტიაზე მუშაობა შესთავაზა, რომელიც მსოფლიოში განთქმულ ტენორთან, პლასიდო დომინგოსთან ერთად უნდა შეესრულებინა, თუმცა საქართველოს იმ დროინდელმა მთავრობამ უარი უთხრა „ლა-სკალაში“ გამგზავრებაზე.

1983 წელს მომღერალმა იქორწინა პიანისტ მარინა დარჯანიაზე.[11] 1985 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ლილი,[12] ხოლო 1986 წელს ეყოლათ მეორე ქალიშვილი ქეთი.[12]

ალექსანდრე ხომერიკმა დააარსა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ბათუმის მუსიკალური შემოდგომა, რომელიც ორჯერ — 1987 და 1988 წლებში გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში. ფესტივალზე მოწვეულნი იყვნენ მუსიკოსები და მომღერლები ერევნის, მოსკოვის, ლენინგრადის, სოფიისა და ბაქოს თეატრებიდან.[13]

1989 წლის 16 მარტს ალექსანდრე ხომერიკმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დატოვა.[14]

1993 წლის 3 ოქტომბერს ალექსანდრე ხომერიკის თაოსნობით დაარსდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი.[15] 1993-2002 წლებში იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი[16] და სოლისტი; 2004 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად. 2017 წლიდან იყო თეატრის სტაჟიორთა ხელმძღვანელი.

1996 წლის მარტში, ხომერიკმა მიიღო მოწვევა ანკარის საოპერო თეატრიდან უკვე დაანონსებულ პრემიერაზე, სადაც შეასრულა ოტელოს პარტია.[17] ორი წლის შემდეგ, 1998 წელს ანტალიაში ბათუმის საოპერო თეატრი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე მიიწვიეს, სადაც დადგეს სპექტაკლი „ოტელო“,[14][18] რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

2005 წელს მან ეპიზოდური როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას კომედიურ ფილმში „მიდიოდა მატარებელი“.[19]

2018 წელს მსახიობმა და მწერალმა გივი სიხარულიძემ გამოსცა ბიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით „ალექსანდრე ხომერიკი — აბესალომიდან ოტელომდე“.[20]

სხვადასხვა დროს მის მიერ შესრულებულ პარტიებს მაღალი შეფასებები ხვდა წილად, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“, „აიდა,“, „(ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვა. გასტროლებზე იმყოფებოდა ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, რუსეთში ა.შ.,[12]

ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა 2020 წლის 28 დეკემბერს, თბილისში, 72 წლის ასაკში.[21] მომღერალმა 2002 წელს ინფარქტი გადაიტანა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გულზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა.[22] დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ალექსანდრე ხომერიკი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 1982 წელს გახდა პეტრე პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.[23] 1983 წელს 6 იანვარს, ქართული საბჭოთა ხელოვნების განვითარებაში შტანილი წვლილისათვის და ნაყოფიერი საშემსრულებლო მოღვაწეობისათვის მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1985 წლის 27 მარტს ქართული საბჭოთა საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1986 წელს მოსკოვში, იური გაგარინის კოსმოსში გაფრნიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე, ალექსანდრე ხომერიკი „გრანადას“ შესრულებისთვის გაგარინის კოსმოსში გაფრენიდან 25 წლისთავზე გამოშვებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა.[14][24]

1995 წელს გახდა მემედ აბაშიძისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი.[25]

1998 წელს ქართული საოპერო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დაარსებაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ალექსანდრე ხომერიკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.[4]

2013 წელს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.[26] 2018 წლის 11 ოქტომბრის შემოქმედებითი კავშირი — საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით „ამაგდარის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“.[1]

2019 წლის 24 სექტემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრის წინ ალექსანდრე ხომერიკის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[27][28]

2020 წლის ივლისში გადაეცა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდო „Person History“ (ქართ. ადამიანი ისტორია).[29]

2022 წელს, ქართველი საოპერო მომღერლის თამარ ივერის ინიციატივით დაარსდა ალექსანდრე ხომერიკის სახელობის პრემია.

  • გივი სიხარულიძე, „ალექსანდრე ხომერიკი — აბესალომიდან ოტელომდე“, თბილისი: ნინო რეხვიაშვილის გამომცემლობა, 2018 წელი. — 250 გვ.
  • ხათუნა თოდუა, მანანა მიქაბერიძე, „ვინ ვინაა საქართველოში“,, თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“. — გვ. 489-490. 524 გვ, ISBN 9789941907081.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 საზოგადოება საოპერო მომღერალს ალექსანდრე ხომერიკს გამოემშვიდობა. რუსთავი 2 (31 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021.
  2. ალექსანდრე ხომერიკი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2021.
  3. 4.0 4.1 ა. ხომერიკის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2021.
  4. სიხარულიძე 2018, pp. 158.
  5. თინათინ მამულაშვილი (1998-1999). „ვინ ვინაა საქართველოში“,. თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, გვ. 419. ISBN 9992852372. 
  6. „ყველაფერი ვიმღერე, რასაც ტენორი ინატრებდა“. აჭარა (76): გვ. 4. 9-10 ივლისი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. სიხარულიძე 2018, pp. 50.
  8. 9.0 9.1 სიხარულიძე 2018, pp. 64.
  9. სიხარულიძე 2018, pp. 38.
  10. 11.0 11.1 11.2 გელა ქოქიაშვილი (4-7 თებერვალი, 2021). „ალეკო ხომერიკი — ფენომენალური ხმის მომღერალი“ (PDF). „საქართველოს რესპუბლიკა“ (24–25). ISSN 2233-3851. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  11. 12.0 12.1 12.2 თინათინ მამულაშვილი (2001-2002). „ვინ ვინაა საქართველოში“,. თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, გვ. 421. ISBN 99928-52-84-4. 
  12. სიხარულიძე 2018, pp. 177.
  13. 14.0 14.1 14.2 სიხარულიძე 2018, pp. 60.
  14. ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი. „ბიბლიოვიკი“. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2021.
  15. სიხარულიძე 2018, pp. 148.
  16. სიხარულიძე 2018, pp. 71.
  17. გულბათ ტორაძე (12-13 ივლისი, 1998). „გასტროლები“ (PDF). საქართველოს რესპუბლიკა (174–175): 10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. И шёл поезд — актеры и роли. Kino-Teatr.ru. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021.
  19. „აბესალომიდან ოტელომდე“ - გივი სიხარულიძის წიგნი ალექსანდრე ხომერიკზე როსინის „სემირამიდა“ „მეტროპოლიტენ ოპერაში““. პირველი არხი. 4 მარტი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  20. გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი. პირველი არხი (28 დეკემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-26. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021.
  21. ოთარ გონგაძე. (28 დეკემბერი, 2020) “წუხელ ღამის 11 საათზე ტელეფონში მიმღერა. მერე ჰაერის უკმარისობა დაწყებია და…”. „პრაიმტაიმი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021.
  22. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები, კვირა PS., 2003, ISBN 99928-0-553-6.
  23. სიხარულიძე 2018, pp. 56.
  24. ალექსანდრე ხომერიკი ka. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2021.
  25. ჩვენი ქალაქი - საპატიო ბათუმელები. Batumi.ge.
  26. ბათუმში ალექსანდრე ხომერიკის ვარსკვლავი გაიხსნა. TV25.ge (24 სექტბერი, 2019). ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021.
  27. ბათუმში ალექსანდრე ხომერიკის ვარსკვლავი გაიხსნა. Ipress.ge (24 სექტემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2021.
  28. ადამიანი ისტორია — სტატუსი ალექსანდრე ხომერიკს მიენიჭა. აჭარის ტელევიზია (2 ივლისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2021.